• საქართველოს ბევრიტურისტული ადგილი და საიმედო სტატისტიკა აქვს

    ბელა ჩეკურიშვილი - გაზეთი “24 საათი”

     

    ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისათვის ფირუზისფერი ცა და ზურმუხტისფერი ხმელეთი საკმარისი რომ არ იყო, ამაში ჯერ კიდევ 20 წლის წინ დავრწმუნდით. იმაშიც დავრწმუნდით, რომ თუ გონივრულად და მიზანმიმართულად არ ვიმოქმედებდით, ზღვაც გამოუყენებელი დაგვრჩებოდა, მთაც და ბარიც. გასულ წელს კი, როგორც იმასაც გეტყვით, რომ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე ტურისტთა ასეთი რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში არ შემოსულა.

    რასაკვირველია, ეს პირველ რიგში იმან განაპირობა, რომ ტურიზმი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული მიმართულება გახდა, ჩატარდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გაკეთდა სარეკრეაციო ზონები, გაიხსნა განთავსების ახალი საშუალებები, შემოვიდნენ საერთაშორისო ბრენდები, მოხდა საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირება უცხოეთის ბაზარზე და ამ ყველაფრის შედეგად კიდევ ერთი ციფრი  მივიღეთ: ამჟამად ტურიზმის წილი ქვეყნის ეკონომიკაში 4,7%-ს შეადგენს. 

     

     

    წლის ვიზიტორები   

     

    საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, აპრობირებული საერთაშორისო მეთოდოლოგიით უცხოელი მოგზაურების კვლევა დანერგა, რაც იმას გულისხმობს, რომ ყოველ კვარტალში საქართველოს ძირითად სასაზღვრო პუნქტებში საქართველოდან გამსვლელ უცხოელ ვიზიტორთა გამოკითხვა ტარდება. კვლევა ადგენს, რა იყო საქართველოში მათი მოგზაურობის მიზეზი, რამდენი დახარჯეს და რამდენ ხანს იმყოფებოდნენ. მათი დანახარჯები უმთავრესი კომპონენტია, რითაც შეიძლება დაანგარიშდეს ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში. 

    კვლევის მიხედვით, ვიზიტორთა უმეტესი წილი მეზობელ ქვეყნებზე მოდის. პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი, წელს საქართველოს აზერბაიჯანის 488 464 მოქალაქე ეწვია. მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც 405 137 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 39%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. სომხეთიდან 479 377 ვიზიტორი გვეწვია, შემომსვლელთა რაოდენობის მიხედვით შემდეგ ადგილზე რუსეთია, საიდანაც, ძირითადად, მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად იყვნენ ჩამოსულები, შემდეგ – უკრაინა. იმატა ირანიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვმა, თურმე 2010 წელს 21 368 ირანელი სტუმარი გვყოლია, რაც 136%-იანი ზრდაა. როგორც ამბობენ, ერთის მხრივ, ეს გამოიწვია თეირანსა და საქართველოს შორის გახსნილმა ავიარეისებმა, ასევე ხელშეკრულებამ უვიზო რეჟიმის შესახებ და ზაფხულის სეზონზე გარკვეულმა მარკეტინგულმა კამპანიამ, რამაც, ზოგადად, გაზარდა მოგზაურთა რიცხვი საქართველოში.

    რაც შეეხება ევროპის რეგიონს, დასავლეთ ევროპის რეგიონებიდან საქართველოს მიმართ აქტიურობით გამოირჩეოდა გერმანია, საიდანაც 16 ათასზე მეტი სტუმარი გვეწვია, დიდი ბრიტანეთიდან 10 370 ვიზიტორი მივიღეთ. 24%-ით მოხდა სტუმართა რიცხვის ზრდა საფრანგეთიდან. საქართველოს მიმართ სულ უფრო იზრდება ინტერესი აღმოსავლეთ ევროპიდან, კერძოდ, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. ასევე ძალიან მაღალია საქართველოს ცნობადობა პოლონეთში, საიდანაც 2010 წელს 11 თვის განმავლოაბში 6729 ვიზიტორი შემოვიდა, ეს 53%-იანი ზრდაა წინა წლებთან შედარებით.

    აშშ-დან 189 ათასზე მეტი სტუმარი მივიღეთ, რომლებიც, ძირითადად, საქმიანი და ბიზნეს-მიზნით ჩამოვიდნენ, თუმცა ასევე იზრდება სათავგადასავლო მიზნით შემოსულ ვიზიტორთა სეგმენტიც.

    მეორე შორეული ქვეყანა, რომელიც საქართველოთი დაინტერესებას გამოხატავს, არის იაპონია. 2009 წელს თუ 870 ვიზიტორი იმყოფებოდა, წელს მათმა რაოდენობამ 1700-ს გადააჭარბა, ეს რიცხვი თითქოს არაფერია, მაგრამ იაპონელი ტურისტი სასურველი სტუმარია ყველასთვის – საყოველთაოდ ცნობილია, რომ იაპონელი ტურისტები ბევრს ხარჯავენ.  ტურიზმის მთავარი მიზანიც ხომ ქვეყანაში კაპიტალის შემოსვლაა.

    როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ჩამოსული ტურისტი 10 დღის განმავლობაში, საშუალოდ, 1732 დოლარს ხარჯავს. აქედან ყველაზე მეტს ხარჯავს საქმიანი ვიზიტორი - 2118 დოლარს, დასვენების მიზნით შემოსული კი, საშუალოდ, 1364 დოლარს. გამოკითხვის შედეგად ვიგებთ, რომ 46% ჩერდება სასტუმროში, 34 % - ნათესავთან და მეგობართან. ჩამომსვლელთა 9% ჩერდება საოჯახო სასტუმროებსა და სახლებში, ეს ეხება ზღვისპირა და მაღალმთიან რეგიონებს, სადაც მოსახლეობა ბინებს აქირავებს.

    აღმოჩნდა, რომ საგრძნობლად გაიზარდა ორგანიზებული ტურისტების რაოდენობა. კვლევის შედეგების თანახმად, დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორთა სეგმენტიდან ორგანიზებული ტურიზმის წილი 9, 4%-ს შეადგენს, რაც 2 წლის განმავლობაში 6,4%-ითაა გაზრდილი.

    ძალზედ დაბალია მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით შემომსვლელთა რაოდენობა, რაც 1%-ს შეადგენს. სამედიცინო ტურიზმის განვითარება ჩვენი ქვეყნისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. ამ მიზნით შემომსვლელთა რიცხვი დაფიქსირდა წყალტუბოში, სადაც აზერბაიჯანის საკმაოდ ბევრი მოქალაქე გადიოდა მკურნალობას. ასევე ინტერესის სფეროში იყო ბორჯომის და ურეკის კურორტები. შეიმჩნევა ინტერესის ზრდა თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტისადმი.

    რაც შეეხება უცხოელ მოგზაურთა დემოგრაფიულ ჭრილს, აღსანიშნავია, რომ ჩამომსვლელთა 79% მამაკაცია, ასაკობრივი სეგმენტი კი საშუალოდ 35-44 წელია.

    ბექა ჯაყელი, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე: “წლების განმავლობაში საქართველოში ჩამომსვლელთა უმრავლესობა ბიზნესვიზიტორი გახლდათ. 2010 წელს კი ტურისტების 34%-ს დასვენების მიზნით შემოსული მოგზაურები შეადგენდნენ. ეს აჭარის რეგიონის წარმატებულმა სეზონმა განაპირობა. 2010 წელს შემოსული ტურისტების ნახევარი აჭარაზე მოდის, ხოლო საზაფხულო სეზონზე აჭარაში ჩასულთა რაოდენობა საქართველოში ვიზიტორთა 90%-ს შეადგენს. მონახულების მხრივ ბათუმი მეორე ქალაქია თბილისის შემდეგ. აქ არა მხოლოდ დამსვენებლები, ბიზნეს-ვიზიტორები ჩამოდიან საქმიან შეხვედრებზე”.

     

     

    წლის ტურისტული ქალაქი - ბათუმი

     

    ბათუმი ის ქალაქია, რომელიც თანდათან საზაფხულო კურორტიდან მთლიანი სეზონის ქალაქი ხდება. ამ მიზნით ზამთრის სეზონზე უამრავი  მარკეტინგული კამპანია დაიგეგმა – კონცერტები, ფესტივალები, “ახალი წელი ბათუმში”, იაფი პაკეტები. გარდა ამისა, ქალაქში ტრანსნაციონალური კორპორაციების შემოსვლამ, როგორიცაა “შერატონი”, “რედისონი”, “კემპინსკი”, ბათუმი საქმიანი შეხვედრებისა და კონფერენციებისთვის ხელსაყრელი და მისაღები გახადა.

    უამრავ სამშენებლო სიახლეს შორის, რაც ბათუმში მიმდინარეობს, აღსანიშნავია ზღვისპირა სანაპირო პარკის – ბულვარის, გაზრდა, რომელს სიგრძე 3 კილომეტრი გახდა და დღეს მსოფლიოში ყველაზე გრძელ ბულვარს წარმოადგენს. ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა მოქანდაკე თამარ კვესიტაძის პროექტი - ქალის და მამაკაცის მოძრავი ფიგურები, რომლებიც მარადიულ სიყვარულზე გვიყვებიან.

    აჭარის ტურისტული პოტენციალის გამოყენებაზე საუბრისას ცალკეა აღსანიშნავი მთიანი აჭარა, რომელიც მიმზიდველია როგორც ზაფხულის, ასევე ზამთარის სეზონზე. 2010 წელს დაიგეგმა მთიან აჭარაში სამთო-სათხილამურო კურორტების შექმნა. კერძოდ, გოდერძის უღელტეხილზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა, გაკეთდება სათხილამური ტრასები და სერვისცენტრები. სანახაობრივად მთიანი აჭარა ჯერ კიდევ აღმოსაჩენია ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტებისათვის.

     

    წლის აქტიური თემა - მესტია

     

    სვანეთს წლის აქტიური თემა თავად ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა უწოდა. 2010 წელს სვანეთში ტურისტების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.

    მართალია, სვანეთი ტურისტების მიერ დიდი ხნის აღმოჩენილი იყო, მაგრამ ზამთარში იქ რამდენიმე ყოჩაღი ალპინისტი თუ ჩავიდოდა ე.წ. ზამთრის ასვლის გასაკეთებლად. ტურიზმის მესვეურთა გათვლით, სვანეთის მთები არა მხოლოდ საცოცად, სასრიალოდაც არანაკლებ მიმზიდველია, მაგრამ რომ ისრიალო, ტრასა უნდა გქონდეს, ტრასასთან რომ მოხვდე, სვანეთში უნდა ახვიდე, სვანეთამდე კი გზა ჯერ ზაფხულში გრძელდებოდა 9-10 საათი და ზამთარში რა იქნებოდა. სწორედ ამიტომ მესტიაში აეროპორტი აშენდა და 2010 წლის დეკემბერში ფრენებიც განხორციელდა. აქ შეიქმნა საბაზო ინფრასტრუქტურა, დაიწყო მესტია-ზუგდიდის გზის მშენებლობა, გაიხსნა ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და გაკეთდა 3 სათხილამურო ტრასა. იმის გამო, რომ თოვლის საფარი სვანეთის მთების ფერდობებზე ზაფხულამდეა, აქ სამთო-სათხილამური ტურიზმის განვითარება მთლად თოვლის პაპას ზღაპარი არ არის, თუმცა

    ქართველებისთვის სასრიალოდ სვანეთში ასვლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ასე, რომ ეს კურორტიც უცხოელების აღმოსაჩენია. ჯერჯერობით კი მესტია აქტიურად ემზადება მომავალი სტუმრების დასახვედრად. გაიხსნა 2 სასტუმრო და დაიხვეწა საცხოვრებელი პირობები ტრადიციულ საოჯახო სასტუმროებში. 

     

     

    წლის ტურისტული ნაბიჯები

     

    2010 წელს ტურიზმის განვითარებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქობულეთისა და ანაკლიის ტურისტული ეკონომიკური ზონის შექმნა.

    ქობულეთში, ზღვიდან 140 მეტრის დაშორებით, გამოიყო 15 ჰექტარი მიწა მიზნობრივად 30 სასტუმროს მშენებლობისათვის. შეიქმნა მოდელი, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს სასტუმროები. ინვესტორები, ვინც ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში, ანუ, 2012 წლის სეზონისათვის აქ სასტუმროს ააშენებენ, 15 წლით თავისუფლდებიან მოგებისა და ქონების გადასახადისაგან. ამავე დროს, მათ უსასყიდლოდ, ანუ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა მიწა და მშენებლობისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია. ხოლო კომუნიკაციების - წყლისა და ელექტრო ენერგიის ობიექტამდე მიყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

    იმის გამო, რომ შავიზღვისპირეთზე მოთხოვნა დიდია და ახალი კურორტები გვჭირდება, ანაკლიის ათვისება სახელმწიფისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა. ანაკლიას დიდი პოტენციალი აქვს: არის ქვიშა, აჭარასთან შედარებით მშრალი ჰავა და ზღვისპირა კომპლექსის აშენება შესძლებელია, თუკი ინფრასტუქტურა მოწესრიგდება. კეთდება გზა ფოთიდან ანაკლიამდე, ზუგდიდიდის აეროპორტიდან  კი ანაკლიაში 20 წუთში ჩავფრინდებით.

    ანაკლიაში გამოიყო 3,7 ჰექტარი მიწის ფართობი, სადაც 5 სასტუმროს აშენებაა დაგეგმილი. ინვსტორებისთვის იგივე პირობები მოქმედებს, რაც ქობულეთის ტურისტული ზონის შემთხვევაში, რასაც პრეზიდენტის ინიციატივით ემატება ყველა სასტუმრომდე მინერალური წყლის მიყვანა, რითაც მდიდარია ეს მხარე და რაც სამედიცინო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. 2010 წელს ანაკლიაში ერთი სასტუმრო გაიხსნა, სადაც უკვე მიმდინარეობს კონფერენციები და კორპორატიული ღონისძიებები. შენდება კიდევ ორი ახალი სასტუმრო, პლაჟზე გასართობი კომპლექსებით. 2011 წლის სეზონისათვის კი ანაკლია ტურისტთა დიდ ნაკადს მიიღებს, ხოლო რამდენად პრესტიჟული გახდება იქ დასვენება, ამას მომავალი გვიჩვენებს.

    საქართველოში ჩამოსული ტურისტები ინტენსიურად ნახულობენ მცხეთას. 2010 წელს დასრულდა მისი ისტორიული ნაწილის რეკონსტრუქცია, გაკეთდა ინსფრასტრუქტურა და ჩატარდა მთელი რიგი ღონისძიებები, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ვიზიტორთა რაოდენობა.

    ასევე დასრულდა ქუთაისის სარეკონსტრუქციო სამუშაოთა ნაწილი, მიმდინარეობს ბაგრატის და გელათის ტაძრების რეკონსტრუქცია. გაიხსნა სათაფლიის მღვიმე, პრომეთეს მღვიმე, ხოლო ქუთაისთან ახლოს მდებარე ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და კურორტი წყალტუბო, ამ ყველაფერთან ერთად, იძლევიან იმის პოტენციალს, რომ ქუთაისი ჩაერთოს ერთი ღამის ტურისტულ მარშრუტში, რასაც საქართველოში შემოსულ სტუმარს შესთავაზებენ.

    ტურიზმის განვითარებისათვის განხორციელებულ ქმედებებში საქართველოს პრეზიდენტისათვის წლის სიამაყედ ითვლება გომბორის უღელტეხილზე გზატკეცილის გაკეთება, რომელიც ორმაგად ამცირებს მგზავრობის ხანგრძლივობას თბილისიდან თელავამდე, ასევე ფოთისა და ზუგდიდის აეროპორტების მშენებლობა, რაც მოსახერხებელს ქმნის კურორტებამდე მისვლას.

    2010 წლის ტურისტული გათვლა იყო კახეთში, ყვარლის ტბისა და ლოპოტას გარშემო დასასვენებელი კომპლექსების შექმნა, საიდანაც შესაძლებელია სათავგადასავლო, საცხენოსნო, ენეოლოგიური  და კულტურული ტურების მოწყობა, ასევე თევზჭერა და მშვიდი დასვენება. თუმცა, ადგილობრივი ბაზრისათვის საკმარისად მაღალი ფასებია, უცხოელი ვიზიტორები კი იქ მხოლოდ ერთ ღამეს თუ გაათევენ.

     

     

    წლის ინფრასტუქრტურული პროექტები

     

    ტურიზმის განვითრებაზე საუბრისას, ერთ რამეში ყველა თანხმდება: საქართველოში დასვენება ძვირია და პაკეტი უნდა გაიაფდეს. ამისათვის მოლაპარაკებები დაიწყო დაბალბიუჯეტიან ავია-კომპანიებთან. 2010 წელს დაიწყო ფრენა თურქულმა კომპანია “პეგასუსმა”, მიმდინარეობს მოლაპარაკება ირლანდიურ კომპანია “რაინეერთან”, რომელიც 2011 წლისათვის შემოვა საქართველოს ბაზარზე. ასევე მნიშვნელოვანია ახალი საჰაერო რეისების დანიშვნა, როგორიცაა პოლონური ავიაკომპანია “ლიტის” თბილისის-ვარშავას საჰაერო რეისები. როგორც ამბობენ, პოლონეთი მნიშვნელოვანი ბაზარია საქართველოსთვის.

    ტურიზმის განვითარება გზის განვითარებით იწყება, გარდა ცენტრალური მაგისტრალებისა, კეთდება ტურისტულ ღირსშესანიშნაობებამდე მისასვლელი  გზები. ამის მაგალითია ახალციხე-ვარძიის მონაკვეთი, ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთი, გომბორის გზა.

    საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს საგზაო ნიშნების პროექტი, რაც გულისხმობს იმას, რომ 93 ტურისტულ ობიექტთან გაკეთდება საგზაო ნიშნები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მოგზაურებისათვის: სად არის გადასახვევი, საკემპინგე ადგილი, რამდენი კილომეტრია და ა.შ, რაც გაადვილებს ტურისტულ ობიექტამდე მისვლას.

     

     

    წლის საერთაშორისო პროექტები

     

    2010 წელი მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პროექტების დაწყების მხრივ. 15-17 ივნისს საქართველოს იფიციალური ვიზიტით ეწვია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფი და ქართული მხარის ინიციატივით ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს სამხრეთ კავკასიის ტურიზმის ინიციატივასთან დაკავშირებით. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაცია რეგიონულ და სუბრეგიონულ ჭრილში მუშაობს და ამ მემორანდუმის გაფორმებით საქართველომ კიდევ უფრო განიმტკიცა რეგიონში ლიდერის პოზიცია, რომლის მიზანია ერთიანი ტურისტული პროდუქტის შექმნა, რეგიონის ეფექტური პოზიციონირება საერთაშორისო ბაზრებზე და სახელმწიფო და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობა არსებობისა და განვითარებისათვის.

    შავი ზღვის ეკონომიკის თანამშრომლობის ორგანიზაცია “ბისეკის” ფარგლებში 2008-2009 წლებში საქართველო წარმოადგენდა ტურისტულ საკითხებზე კოორდინატორ ქვეყანას. 2010 წელს საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს შავი ზღვის ქვეყნების ფარგლებში, რაც გულისხმობს “არგონავტების მარშრუტის” აღორძინებას. მარშრუტში ჩართული იქნება საბეძნეთი, თურქეთი და საქართველო. პროექტი დაიწყება 2011-12 წლებში და პირველ რიგში ხელს შეუწყობს საკრუიზო ტურიზმის განვითარებას.

    წელს საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო პროექტში ჩაერთო დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების ორგანიზაცია “სუამის” ფარგლებში. პროექტი გულისხმობს ერთიანი ტურისტული პროდუქტის შექმნას და საქართველოს შესვლას იაპონიის ბაზარზე.

     

     

    წლის სახე (ცვლილება)

     

    ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს კომერციული პროექტების განხორციელების ფუნქცია დაემატა და სახელი შეეცვალა - საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო ეწოდა. შეიცვალა ხელმძღვანელიც. მაია სიდამონიძე, რომლის პროექტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურები განვითარების კონკურსში გაიმარჯვა, ლონდონიდან თბილისში სამუშაოდ სიამოვნებით გადმოვიდა. სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ლონდონში, კომპანია Jurys Inn Islington-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერად მუშაობდა 2007 წლიდან 2010 წლამდე, მანამდე კი მისი სამუშაო გამოცდილება ლონდონში Thistle Kensington Gardens- ის ადმინისტრატორისა და “თბილისი მარიოტის” და “ქორთიარდ მარიოტის” გაყიდვების აღმასრულებელ მენეჯერად მუშაობას მოიცავს. მაია სიდამონიძე პროფესიით მარკეტოლოგია, სამაგისტრო პროფესიული დიპლომი ლონდონში,  Imperial College-ში აიღო, ხოლო ბაკალავრიატი შვეიცარიაში, ბიზნეს ადმინისტირებისა და ტურიზმისა და სასტუმროების მენეჯმენტში გაიარა.

    მაია სიდამონიძე, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორი: “ქვეყანაში, სადაც ორი წლის წინ ომი იყო, ტურიზმის ამგვარი ზრდა თითქოს დაუჯერებელია. ბევრ ქვეყანას გაუჭირდა მსგავსი სიტუაციის გამო წარმოქმნილი კრიზისიდან გამოსვლა. საქართველოში აღარ იგრძნობა ომის შედეგები და ტურიზმი აღმავლობის გზით მიდის. მაგრამ საზოგადოებაში ერთ მცდარ მიდგომას ვხედავ: ერთი კონკრეტული ადამიანისაგან ელიან ყველაფრის მოგვარებას და შეცვლას, ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვა მთლიანად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ჰგონიათ და საკუთარ როლს ამ საქმეში ვერ ხედავენ.

    იმისათვის, რომ ტურისტების ზრდის დინამიკა შენარჩუნდეს, საჭიროა დაიხვეწოს მომსახურების სფერო. წლის განმავლობაში მუდმივად ვატარებთ მცირეხნიან თრეინინგპროგრამებს, რათა კერძო სექტორი მეტად ჩაებას მომსახურების სფეროს ხარისხის ასამაღლებლად და ჰქონდეთ დაცული ჰიგიენის ნორმები. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, უნდა დავაინტერესოთ კერძო სექტორი, თვითონ იზრუნონ სერვისის გაუმჯობესებაზე. გვინდა პროფესიულ სასწავლებლებში გავაძლიეროთ კადრების გადამზადების პროგრამები. ყველაფერს ეშველება, მაგრამ უდიდესი პრობლემა საზოგადოების მენტალიტეტია. ხშირად გაისმის: “უნდათ, მომსახურე ერად გვაქციონ!” ოფიციანტობაში სათაკილო არაფერია და არც ისაა საჭირო, ოფიციანტად დაიწყო და ამითვე დაასრულო. ტურიზმი დასაქმების ყველაზე აქტიურ სფეროდ ითვლება მსოფლიოში და ქართველებს თუ სხვა რამის პოტენციალიც გვაქვს, ვისაც აქ დასაქმება არ უნდა, ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

    კიდევ ერთი და სერიოზული პრობლემა საზოგადოების ტურისტებისადმი დამოკიდებულებაა: “რად გვინდა, ამდენი სომეხი და აზერბაიჯანელი რომ ჩამოდის!” – ამგვარი განცხადებებიც ხშირად გაისმის. გარდა იმისა, რომ ასეთი დისკრიმინაცია შეურაცხმყოფელია, ვფიქრობ, აზროვნების სტილი უნდა შევცვალოთ, იმისათვის, რომ ამ ბიზნესმა იცოცხლოს”.

     

     

    რაზე ჩივიან ტურისტები, ანუ “აქილევსის ქუსლები” 

     

    საქართველოს ტურისტული ბაზარი 14 სამოგზაურო სეგმენტადაა დაყოფილი. ურაინელი და ბალტიისპირელი ტურისტები ძირითადად სამთო-სათხილამურო კურორტებს ეტანებიან, რაც შეეხება დასავლეთევროპელ მოგზაურებს, ისინი კულტურულ და სათავგადასავლო ტურებზე არიან ორიენტირებულნი.

    ევროპელ ტურისტებს ყველაზე მეტად ადგილობრივი რეწვის ნახვა აინტერესებთ. მაგალითად, ძალიან მოსწონთ რთველი, ყურძნის დაწურვა და ჩურჩხელების ამოვლების პროცესი. მაგრამ ადგილობრივები მეტს ვერც ვერაფერს სთავაზობენ, რადგან ხალხური რეწვის ჩვენების სერვისი – ერთგვარი “ლაივშოუს” სახით, ჩვენთან განვითარებული არ არის.

    პრობლემა, რაც ქართველ ტუროპერატორებს მოგზაურებთან ურთიერთობისას ექმნებათ, არის სასტუმროთა არარეალურად მაღალი ფასები, რომელთა ალტერნატივა უკიდურესად დაბალი დონის სასტუმროები და გესთჰაუსებია, ხოლო ბევრ რეგიონში ესეც არ არის საკმარისი. 

    მაგრამ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც სტუმარსაც და მასპინძელსაც უხერხულობას უქმნის, სანიტარული კვანძების მოუწყობლობა და მომსახურების ხარისხის დაბალი დონეა. უცხოელების თქმა რად გვინდა, საქართველოში ტუალეტები ან არ არსებობს, ანდა ისეთია, ჯოჯოხეთის შესახებ არსებულ წარმოდგენას რომ სცილდება. და თუკი ქვეყნის სავიზიტო ბარათად სისუფთავეს მივიჩნევთ, საქართველოს ეს ბარათი, უბრალოდ, წაშლილი აქვს.

    ვინაიდან ეს საკითხი წლების მანძილზე ბაზარმა ვერ დაარეგულირა, სახელმწიფომ საჭიროდ მიიჩნია ქმედითი ღონისძიებებით ჩარეულიყო. ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტი დაამუშავა.

    პირველ ეტაპზე გაფორდა მემორანდუმი ნავთობპროდუქტების რეალიზატორთა ასოციაციებთან. პრიორიტეტების მიხედვით შეირჩა 14 ტურისტული მარშრუტი, სადაც 15 ავტოგასამართ სადგურზე თანამედროვე სანიტარული კვანძები მოეწყო. შემდეგი ნაბიჯი კულტურულ ძეგლებთან სველი წერტილების გამართვაა. ამისთვის შეირჩა 8 ყველაზე პოპულარული კულტურული მარშრუტი - გარეჯის, ანანურის, გრემის, ჯვრის მონასტრის, იყალთოს, გელათის, ძველი შუამთის, ვარძიის და შემუშავდა ინვესტორთა გამოხატულების პროექტი: კომპანიას, რომელიც ამ პროქტში ჩაერთვება, გაუფორმდება ხელშეკრულება და სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცემა 60 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც შეეძლება ასევე გააკეთოს სუვენირების მაღაზია, გაყიდოს ჰიგიენის საშუალებები, გამაგრილებელი სასმელები და ა.შ

    2010 წელს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მთიან რეგიონებს, როგორიცაა სვანეთი, ყაზბეგი და თუშეთი, სადაც ჩატარდა თრეინინგები განთავსებისა და კვების ობიექტებზე მომუშავე პერსონალისათვის და, ასევე, 2 თვიანი ინგლისური ენის კურსები, რაც არანაკლებ აქტუალური იყო. უცხოელ ტურისტთა კომუნიკაცია ადგილობრივ რეზიდენტებთან საკმაოდ პრობლემატური საკითხია, ამიტომ ტრეინინგები 2011 წელსაც გაგრძელდება.

    კიდევ ერთი თვალშიმოსახვედრი პრობლემა, რასაც ასევე ვერაფერი ეშველა, ნაგვის დაყრის (თუ არ დაყრის) კულტურაა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა შესაძლო ადგილას ურნები დაიდგა, საქართველოსთვის ეს საკითხი ისევ აქილევსის ქუსლად რჩება.

     

     

    მოგზაურობა ქართულად  (შიდა ტურიზმი)

     

    თბილისის მოსახლეობის მაგალითზე ჩატარებული სამომხმარებლო კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თბილისელთა 34% დასასვენებლად სოფლად, ან საკუთარ აგარაკზე მიემგზავრება. 24,8 % წელიწადში ერთხელ საზღვაო კურორტზე ისვენებს, ხოლო 19,8 - სამთო კურორტზე. შიდა ტურიზმისათვის აქტიურია 5 თვე, მათ შორის პირველ ადგილზეა აგვისტო. თბილისელთა 22% დაინტერესებულია კულტურული ტურებით, ძირითადი მოთხოვნები მოკლევადიან ტურებზეა. განსაკუთრებული დაინტერესებაა მთიან რეგიონებში მოგზაურობაზე. მათ შორის პირველ ადგილზეა სვანეთი, მეორეზე – რაჭა, შემდეგ ხევსურეთი, ყაზბეგი და თუშეთი. თბილისელთა 9,4%-ს სამკურნალო ტურები აინტერესებს, 8,5-ს - რელიგიურ-პილიგრიმული, შემდეგ ადგილზეა სათავგადასავლო, სპორტული და ბოლოს - ეკოტურიზმი.

    ამავე კვლევით გამოიკვეთა, რომ შიდა ტურიზმის განვითარებას 4 ფაქტორი შეუწყობს ხელს: 1. მოსახლეობის ინფორმა-ციულობის გაზრდა (ამის კარგი მაგალითია გასულ წელს დაცული ტეროტორიების სააგენტოს მიერ დაწყებული საინფორმაციო კამპანია, რის შედეგადაც 100 ათასამდე ვიზიტორი ეწვია ამ ადგილებს, რაც 50%-ით მეტია წინა წელთან შედარებით); 2. მოკლევადიანი ტურების შექმნა; 3. კულტურული ღონისძიებების, სახალხო ფესტივალების ორგანიზება, რაც ამა თუ იმ ადგილს ცნობადსა და მიმზიდველს გახდის; 4. საი-ნფორმაციო ცენტრების შექმნა, სადაც ტურისტებს ინდივიდუალურად შეეძლებათ ინფორმაციის მიღება არსებული ტურებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ. ასეთი ცენტრები დღეს უკვე შექმნილია თბილისში, ბათუმში, მცხეთაში, სიღნაღში, ბორჯომში, ყვარელსა და მესტიაში...   

    საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ე.წ. ვიქენდის ტურიზმი. ჯგუფები, წყვილები თუ ოჯახები სულ უფრო დიდი ხალისით და მონდომებით გადიან ქალაქიდან შაბათ-კვირის უქმეებზე როგორც ორგანიზებული ტურებით, ასევე ინდივიდუალური გეგმით. გარდა კულტურული ტურებისა, ახალგაზრდებში სულ უფრო პოპულარული ხდება დასვენების ისეთი ფორმები, როგორიცაა ოფროუდი, ანუ ძნელად სავალ გზებზე 4X4 ტიპის მანქანებით გავლა, პარაპლანით ფრენა, ჯომარდობა, მდინარეზე გასაბერი ნავით დაშვება, კანიონინგი – მდინარის კლდოვან კალაპოტში გავლა, ალპინიზმი. გართობის იგივე სახეობებს ქართველი ტურ-ოპერატორები უცხოელ მოგზაურებსაც სთავაზობენ. არსებობს ასევე ტურები, რისთვისაც უცხოელები საქართველოში ჩამოდიან, ჩვენში კი არა მხოლოდ პოპულარული, სრულიად გაუგებარია. ეს არის ე.წ. ბერდვოჩინგი, ანუ ფრინველებზე დაკვირვება და ბოტანიკური ტურები.

     

     

    პოპულარული ტურები, ანუ დასვენება ქართულად

     

    ოფროუდით, ანუ, იგივე ჯიპ-ტურით, რატომღაც ყველაზე ხშირად ებრაელი ტურისტები ინტერესდებიან. ქართველ ტურ-ოპერატორებს ოფროუდის რამდენიმე მარშრუტი აქვთ დამუშავებული, მათ შორისაა გარეჯის უდაბნო, წალკიდან აჭარაში გადასვლა გოდერძის უღელტეხილით და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონები.

    ოფროუდერთა კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა ვარძელაშვილის თქმით, საქართველო ოფროუდ-ტურებისთვის ერთ-ერთი შესაფერისი ქვეყანაა, გვაქვს მთებიც, ჭაობებიც, უდაბნოც და მიტოვებული გზებიც ე.წ. “გრინლაინგის” განსახორციელებლად. ანუ, ჩვენთან შესაძლებელია ოფროუდის ყველა მიმართულება განვითარდეს. გარდა იმისა, რომ ოფროუდერთა კლუბი წლის განმავლობაში რამდენიმე შიდა და საერთაშორისო ტურნირს ატარებს, ვიკენდებზე ეწყობა სამოყვარულო გასვლები, მათთვის, ვისაც ჰყავს მიცუბიში, ტოიოტა, სუძუკი, ფორდ-ბრონკო, ლენდროვერი, ნისან პატრული, მერსედეს-ჯი, ჯიპი, ნივა – და აინტერესებს ბოლო ზღვარი, სადაც ეს მანქანა გაივლის, ანუ, რას შეძლებს მძღოლი და მანქანა ერთად. თავისუფალ დროის გატარების ექტრემალური ფორმები ქართველებში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება.

    საქართველოს ტურისტულ ბაზარზე სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს პარაპლანით ფრენა. მოყვარულებისათვის ორ ადგილიანი აპარატები დაფრინავენ. ფრენის მანძილი ამინდზეა დამოკიდებული, ეს სიამოვნება 40 ლარი ღირს და ერთი ადამიანი ორ გაფრენას აკეთებს. პილოტთან ერთად ფრენა სრულიად უსაფრთხოა და კარუსელზე ჯდომას ჰგავს. ქართველ პარაპლანისტთა კლუბი მომსახურებას ოფიციალურად სთავაზობს ყველას, თუმცა კი, როგორც პილოტმა პარაპლანისტმა ირაკლი კაპანაძემ გვითხრა, ეს სტრუქტურა უცხოელ ტურისტებზე ვერ აეწყობა და აქცენტი შიდა ბაზარზე უნდა გაკეთდეს. ტურ ოპერატორებს ჰქონდათ სურვილი ეს სერვისი თავის პაკეტში ჩაედოთ, მაგრამ საჭიროა უცხოელ ტურისტს ფრენისათვის სპეციალური დაზღვევა ჰქონდეს, რაც არ აქვთ ხოლმე. თუმცა კი, ისეც ხდება, რომ უცხოელი პილოტები ინტერესდებიან საქართველოში ფრენების მოწყობით და ფრენის ორგანიზებას ქართულ მხარეს სთხოვენ.

    2010 წელს საქართველოში პარაპლანერთა პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა, რომელიც საქართველოს სპორტული ავიაციის ფედერაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით გაიმართა და ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წელს მიეძღვნა. მასში 10 ქვეყნის 35-მდე პილოტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაც ევალებოდათ მარშრუტზე ფრენა, მაქსიმალური სიმაღლის მიღწევა და სამიზნეზე დაჯდომა, რაც 5 რადიუსის მქონე წრეს წარმოადგენდა. საქართველოს სახელით 11 მონაწილე გამოვიდა, მათ შორის ერთი ქალი - პილოტი ვიკა მიხაილოვა. პარაპლანი მსუბუქი კონსტრუქციაა და მისი მართვა არც ქალებისთვის წარმოადგენს სირთულეს. საფესტივალო ფრენები თბილისთან ახლოს, სოფელ ლილოს თავზე ორი დღე მიმდინარეობდა.

    პარაპლანერების მიერ ასევე კარგადაა ათვისებული თიანეთი, სოფელი ზარიძეები, ახალციხის მხარე, აბულის მთა, ფრენის მოწყობა გომბორის უღელტეხილისკენ და ბაკურიანშიც შეიძლება. გამოცდილი პილოტები სვანეთშიც დაფრინავენ და ჟინვალისა და ფასანაურის თავზეც.

    ვიკენდის ერთ-ერთი საყვარელი სეზონური გართობაა ჯომარდობა. ვინაიდან საქართველოში მთის მდინარეები უხვად გვაქვს, როგორც კი ამის შესაძლებლობა გამოჩნდა, გასაბერი ნავებით მდინარეებზე “გასეირნება” შიდა ტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ სახეობად იქცა. ამ გართობაზე უარს არც საქართველოში ჩამოსული ტურისტები ამბობენ, ასე რომ გაზაფხულსა და ზაფხულში მტკვარი და არაგვი გასაბერ ნავებს ვეღარ იტევს ხოლმე. დღეისათვის საქართველოში მეჯომარდეთა 4 კლუბია, რომელიც შიდა ტურიზმზე მუშაობს.

    2010 წელს კი ექსტრემის მოყვარულებმა საქართველოში ტურიზმის ახალი სახეობა – კანიონინგი შემოიტანეს, რაც გულისხმობს მდინარის ვიწრო ხეობაში ფეხით გავლას სპეციალური აღჭურვილობით და თოკებით. სადაც ჩასასრიალებელია, ჩასრიალდები, ჩასახტომია - ჩახტები, ჩანჩქერს ჩაჰყვები და ა.შ. საქართველოში ამისათვის შესაფერისი ბუნებრივი პირობებიც გაქვს. ტურისტებისათვის ყველაზე მოსახერხებელი თბილისთან ახლოს მდებარე ბირთვისის კანიონია. გამოუცდელი ჯგუფისთვის ამ გზის გასავლელად 2 დღეა საჭირო. როგორც კანიონინგის  მონაწილე ალპინისტი დათო წივწივაძე ამბობს, ბირთვისების კანიონში 5-6 კილომეტრია სასიარულო, მარშრუტი სოფელ ორბეთიდან იწყება და ოღრაშენთან  გამოდის, მთლიანი გზა 12 კილომეტრს შეადგენს.  მთელი გზის მანძილზე 40 წუთია კლდეზე საცოცი, 6 ადგილასაა გადასაცური, დანარჩენი – სატოპი. ორ ადგილას ჩანქჩერია, ერთი 2 საფეხურიანი, მეორე - 30 მეტრიანი, რომელზეც თოკით ჩადიან. მარშრუტის გასავლელად 40 მ. თოკია საჭირო. კარვების წაღებას აზრი არ აქვს, მძიმე ტვირთია, ღამისთევა კი ღია ცისქვეშაც შეიძლება. შეშაც იშოვება. როგორც ამ საქმის პიონერები ყვებიან, ლაშქრობის მონაწილე ფიზიკურად ძლიერი უნდა იყოს, საათობრივად უძლებდეს სიცივეს და სისველეს და ფსიქოლოგიურადაც არ შეშინდეს, იცოდეს ცურვა და რა წონის ჩანთსაც წაიღებს, მასზე 2-ჯერ მეტის თრევა შეეძლოს, რადგან დასველებული ბარგი მძიმდება.

    საქართველოში, ბირთვისებს გარდა, კანიონებია გურიაში, ხობში, ხონის რაიონის სოფელ კინჩხაში, ხობის და კინჩხის კანიონები გავლილია, გურიის - არა.

     

     

    “ჩიტირეკია” უცხოელი და პილიგრიმი ქართველი ტურისტები

     

    უცხოეთიდან ყველაფერ კარგის თუ ცუდის გადმომღები ქართველებისათვის დღემდე ინტერესის გარეშე რჩება ტურიზმის ისეთი სახეობა, როგორიცაა დურბინდით და ტელესკოპით ხეტიალი და ფრინველებზე დაკვირვება, რაც უცხოელთა გაკვირვებას იწვევს: ასეთი მდიდარი ქვეყანა გაქვთ ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით და რატომ არ ინტერესდებითო. ქართველებს კი არათუ აინტერესებთ, ბევრს დღესაც ვერ გაუგია, ეს დურბინდიანი ხალხი ამხელა გზაზე ჩიტების სანახავად რატომ ჩამოდის.

    ორნითოლოგი გიორგი დარჩიაშვილი, რომელიც უცხოელ “ბერდვოჩერებს” გიდად მიჰყვება ხოლმე, გვიხსნის, რომ საქართველოში ფრინველებზე დაკვირვების მიზნით ძირითადად ინგლისიდან, ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, და შეიცარიიდან ჩამოდიან. ბოლო დროს კი იაპონელებიც დაინტერესდნენ. ტურიზმის ამ სახეობას, როგორც წესი, ხანშიშესული ხალხი მისდევს, მათ ახალგაზრდებზე მეტი დრო და თანხები აქვთ, რომ იმოგზაურონ. საქართველოში კონკრეტულად ის ფრინველები აინტერესებთ, რომელიც კავკასიის ენდემებია და სხვაგან ვერსად ნახავენ: მაგალითად კავკასიური როჭო, შურთხი. ასევე ის, რომელთაც ვიწრო გავრცელების არეალი აქვთ: ასეთია, მაგალითად, წითელმუცელა ბოლოცეცხლა და დიდი კოჭობა. გარდა ენდემიებისა, საქართველოში შესაძლებელია მტაცებელი ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვებაც. შემოდგომაზე, შავი ზღვის სანაპიროზე მახინჯაურთან და ბათუმთან დღეში რამდენიმეათასიანი გუნდი მიფრინავს.

    სამაგიეროდ, რაზეც ქართველი მოგზაურები ზემგრძნობიარენი არიან, ეს პილიგრიმული ტურიზმია, კერძოდ ტაო-კლარჯეთსა და ტრაპიზონში დარჩენილი ქართული საეკლესიო ძეგლები. ამ მხარეში ძირითადად ქართველი ტურისტები დადიან. ტურ-ოპერატორები მათ, ძირითადად, 4-5 დღიან გასვლებს სთავაზობენ. უფრო მოსახერხებელია ბათუმიდან გასვლა ტრაპიზონის გავლით და ვალეს გამოვლით დაბრუნება. როცა ტურისტები ინდივიდუალურად გადიან ტრაპიზონიდან, მათ მარშრუტში ხშირად შეაქვთ სულმელას მონასტერი, რომელიც თამარის მეფობის დროინდელი ტრაპიზონის იმპერიის საინტერესო ძეგლია და აია სოფიას მცირე ტაძარი ტრაპიზონში. 

     

     

    წლის ინიციატივები

     

    2010 წელს საქართველოს მხარემ მიმართა ევროკავშირის “თვინინგის” პროექტს, რათა დახმარება გაგვიწიონ ტურისტული კანონმდებლობის გაუმჯობესების დახვეწაში. უცხოელი ექსპერტების დახმარებით 2011 წელს მომზადდება ტურიზმის საერთო კანონპროექტი საქართველოში.

    2010 წელს დაიწყო მიზნობრივ ბაზარზე ტელემედიის საშუალებით საქართველოს საიმიჯო სარეკლამო რგოლების გაშვება. 2010 წლის დასაწყისში უკრაინის 6 ტელეარხზე გადიოდა სარეკლამო რგოლი “winter in Georgia”, ხოლო უკრაინის, ბა-ლტიისპირეთის ისრაელის, ბელარუსის ბაზარზე გადიოდა “Summer in Georgia.” სხვადასხვა მარკეტინგული არხების საშუალებით ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისათვის მნიშვნელოვანია ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში მომაწილეობა, პრეს და გაცნობითი ტურების მოწყობა ჟურნალისტებისა და ტურ ოპერატორებისათვის.

    2010 წლისათვის განსაკუთრებული მოვლენა იყო შანხაის ექსპო, რომელიც 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და სადაც საქართველო განსაკუთრებულად ლამაზი პავილიონით იყო წარმოდგენილი, რომელიც 2 მილიონზე მეტმა სტუმარმა მოინახულა. სწორედ ისინი არიან საქართველოს პოტენციური ვიზიტორები.

     

     

    კინოტურიზმი

     

    2010 წელს საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა და ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კინოტურიზმის განვითარებაზე ზრუნვას ითვალისწინებს. საქართველოს მსგავს პატარა, მაგრამ ლადშაფტური მრავალფეროვნებით მდიდარ ქვეყანაში კინოტურიზმი მსოფლიო კინოში აპრობირებული მეთოდია. ხოლო უცხოელთა მხრიდან საქართველოს ლანდშაფტითა და სხვა გადასაღები მოედნებით დაინტერესება არაერთხელ ყოფილა. კინოცენტრისა და ტურიზმის სააგენტოს ერთობლივი მუშაობა კი შემდეგს ითვალისწინებს: პრესტიჟულ საერთაშორისო ბაზრობებზე და ფორუმებზე საქართველოს წარმოჩენა, სარეკლამო პროდუქციის გატანა და პოზიცირება საერთაშორისო კინო და ტურისტულ პლატფორმებზე (ბროშურების, რუკების, კატალოგების, კინო და ვიდეო მასალის სახით), ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაცვლა, მაგალითად, სასტუმროების, კლიმატური ზონების, გზების შესახებ. მნიშვნელოვანი ადგილების გზამკვლევების ერთობლივი გამოცემა და სხვა. დაგეგმილია ე.წ. ადგილების სკაუტების საქართველოში მოწვევა და მათთვის საქართველოს, რო-გორც ფილმის გადასაღებად მიმზიდველი ტერიტორიის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, რისთვისაც სპეციალური ტურების შემუშავებაა დაგეგმილი. ესეც მსოფლიო კინოპრაქტიკაში აპრობირებული მეთოდია. ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება უკვე აქვს კინოკომპანია “სინეტეკს”, რომელიც ესპანელ კინემატო-გრაფისტებთან ერთად მესამე ერთობლივ პროექტს ახორციელებს.

    კინოტურიზმი კი არა მხოლოდ საქართველოში ფილმების გადაღებას გულისხმობს, აქ გადაღებული ფილმების ადგილების მოსანახულებლად ტურისტთა დაინტერესებას, რაც, როგორც წესი, წარმატებულ ფილმებს მუდამ თან ახლავს ხოლმე.   

    რეალურად, საქართველო მიწის პატარა ფართობია, სადაც ძალიან ბევრი ბუნებრივი სანახაობაა თავმოყრილი, ეროვნული პარკებით და ექსტრემალური თავგადასავლებით, რითაც ბევრი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს. ქვეყნები იგონებენ ლეგენდებს და ქმნიან ადგილებს, ჩვენ, უბრალოდ, ამ ყველაფრის სწორი მართვა უნდა ვისწავლოთ.